საქართველოს მუნიციპალიტეტების მთავარი (ცენტრალური) ბიბლიოთეკის
შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი
ზოგადი დებულებები
მუნიციპალიტეტის მთავარი (ცენტრალური) ბიბლიოთეკა წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს (საქართველოს მთავრობის დადგენილება, № 131, 03.07.07);
1.2. ბიბლიოთეკა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ,,საქართველოს კანონით საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ (1996); კანონებით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; ,,კულტურის შესახებ“; ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“; კანონქვემდებარე აქტებით; საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებითა და მეთოდურ–ინსტრუქციული მასალებით;
1.3. შინაგანაწესის მიზანია შრომის დისციპლინის უზრუნველყოფა ბიბლიოთეკაში და სამუშაო დროის რაციონალური გამოყენება;
1.4. შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა მთავარი (ცენტრალური) ბიბლიოთეკის თითოეული თანამშრომლისათვის.
2. ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები
2.1. ბიბლიოთეკაში მკითხველთა მომსახურება წარმოებს უფასოდ;
2.2. ბიბლიოთეკა ემსახურება რაიონის ყველა დასახლებული პუნქტის მაცხოვრებელს;
2.3. ბიბლიოთეკაში ჩასაწერად მოქალაქე წარმოადგენს პირადობის მოწმობას;
2.4. ბავშვები, მოსწავლეები ბიბლიოთეკაში ეწერებიან მოსწავლის ბილეთის წარდგენისას; სკოლამდელი ასაკის ბავშვები ბიბლიოთეკაში ეწერებიან მშობლების შუამდგომლობით;
2.5. მკითხველებზე ერთდროულად სახლში გაიცემა 3–5 ეგზემპლარი, 2 კვირის ვადით;
2.6. სახლში არ გაიცემა პერიოდული გამოცემები, ენციკლოპედიები, ცნობარები, ლექსიკონები, იშვიათი გამოცემები;
3. მკითხველის ვალდებულებები და უფლებები
3.1. მკითხველი ვალდებულია გაუფრთხილდეს ბიბლიოთეკის წიგნს, არ დაკარგოს იგი, არ გააკეთოს მასში ჩანაწერები, არ ამოხიოს ფურცლები და დროულად დაუბრუნოს ბიბლიოთეკას;
3.2. წიგნის დაკარგვის შემთხვევაში დროულად აცნობოს ბიბლიოთეკას და აანაზღაუროს ზარალი ბიბლიოთეკაში მოქმედი ნორმატიული აქტის შესაბამისად;
3.3. მკითხველს უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია ბიბლიოთეკაში ორგანიზებული ბეჭდვითი და სხვა სახის მასალების შესახებ;
3.4. გადაიღოს სასურველი ტექსტის ქსეროასლი; მთლიანი წიგნის ქსეროასლის გადაღების შემთხვევაში ბიბლიოთეკამ იხელმძღვანელოს კანონით ,,საავტორო უფლებების შესახებ“.
4. ბიბლიოთეკა ვალდებულია
4.1. უზრუნველყოს საბიბლიოთეკო დოკუმენტების ორგანიზება მიღებული წესებისა და ნორმების დაცვით, რათა იგი ადვილად ხელმისაწვდომი იქნეს მკითხველთათვის;
4.2. დროულად და ხარისხიანად შეასრულოს მკითხველთა მოთხოვნა წიგნზე და ინფორმაციაზე; ამ მიზნით გამოიყენოს ინფორმირების ტრადიციული და კომპიუტერული საშუალებები;
4.3. ბიბლიოთეკაში პირველად მოსულ მკითხველს გააცნონ ბიბლიოთეკის შინაგანაწესი, ფონდების შემადგენლობა, მათი ხელმისაწვდომობის საშუალებები;
4.4. ბიბლიოთეკა უფლებამოსილია მოსთხოვოს მკითხველს ბიბლიოთეკის შინაგანაწესის დაცვა და მისი დარღვევის შემთხვევაში გამოიყენოს კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ზომები;
4.5. ბიბლიოთეკა ვალდებულია განუხრელად შეასრულოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მითითებები, დადგენილებები, რეკომენდაციები;
4.6. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი (დირექტორი) ვალდებულია პერიოდულად შეისწავლოს რაიონის (რეგიონის) მოსახლეობის საბიბლიოთეკო და საინფორმაციო მომსახურების მდგომარეობა და ადგილობრივ ხელისუფლებას წარუდგინოს რეკომენდაციები ამ სამსახურის გაუმჯობესების მიზნით.
5. ბიბლიოთეკის სამუშაო რეჟიმი
5.1. ბიბლიოთეკის თანამშრომელთათვის დაწესებულია ხუთდღიანი სამუშაო კვირა;
5.2. სამუშაო დღის ხანგრძლივობა შეადგენს 8 საათს;
5.3. სამუშაო დღის დაწყებასა და დამთავრებას განსაზღვრავს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან შთანხმებით;
5.4. არასამუშაო (უქმე) და სადღესასწაულო დღეების წინა სამუშაო დღის ხანგრძლივობა მცირდება 2 საათით.